GBDC

„აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის „ტრენდული“ უნდა გახდეს“

სერგო ბარამიძე: „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის არის ერთგვარი საძიებო, საგანმანათლებლო და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.“

GBDC Caucasia 2004 წლიდან ჩართულია სოფლად აგრობიზნესის განვითარებაში. პირველი პროექტი ფერმერების გადამზადება და მათთვის ბიზნესგეგმების შემუშავებაში დახმარება იყო.

2006 წლიდან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საკონსულტაციო მომსახურების სუბსიდირებას ახდენს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში – USAID SME Development Program, USAID EPI, USAID REAP. 2020 წლიდან USAID Agricultural Program -ის ექსპერტებთან ერთად GBDC Caucasia-მ შეიმუშავა და ახორციელებს პროექტს „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“. საპილოტე პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ქედა ლიდერის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. “აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის” მალე სტარტს დუშეთის მუნიციპალიტეტში აიღებს.

რა პერსპექტივა აქვს აგრობიზნესს ქედაში და რამდენად არიან დაინტერესებული ქედელი ახალგაზრდები აგრობიზნესით? Asea.ge-ს კითხვებს GBDC Caucasia-ს დირექტორი – სერგო ბარამიძე პასუხობს:

– „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“ არის გაგრძელება GBDC Caucasia-ას სხვადასხვა ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის პროექტების სერიისა. პროექტს მართავენ GBDC Caucasia-ას სტუდენტების პირველი ნაკადის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს წარმატებული მეწარმეები არიან.

სოფლის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ახალგაზრდებს ეკუთვნით, აუცილებელია აგრობიზნესის პოპულარიზაცია მოხდეს, რათა სოფელში მოღვაწეობა და აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის გახდეს „ტრენდული“. აგრომეწარმეების ახალ თაობას შეუძლია, ძირეული ცვლილებები მოახდინოს. მითუმეტეს სოფლების დიჯიტალიზაციის ეპოქაში, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია სოფლად პროცესების ონლაინ რეჟიმში მართვა.

– პროექტის განხორციელების პროცესს დაერთო პანდემია, ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ მეთოდოლოგია, რომელიც სოფლის დიჯიტალიზაციის პროცესთან თანხვედრაშია და გულისხმობს სოფლად აგრობიზნესის წარმოებისა და მომსახურების ფორმების ვირტუალურ სივრცეში ატვირთვას, მაგალითად: აგრომეწარმეების ბიზნესპროცესების ამსახველი ინფორმაციის განთავსება ონლაინ რეჟიმში და ასევე, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვების მონაწილეების გამოჩენა ვირტუალურად, ნებისმიერ მომხმარებელს, მწარმოებელს, სერვისის მიმწოდებელს, ფინანსურ ინსტიტუტს და ა.შ. აძლევს საშუალებას, იყოს ინფორმირებული სხვადასხვა მეწარმის ბიზნესპროცესების შესახებ, დაინახოს მეწარმის გაყიდვები, მისი საკომუნიკაციო ქსელი, ეგრეთ წოდებული network–ი და გამოიყენოს ვირტუალური პლატფორმა საკუთარი ბიზნესის დაგეგმარებისა და განვითარებისთვის.

ქედაში მცხოვრები ახალგაზრდები ამჟამად ონლაინტრენინგებს გადიან აგრობიზნესის დაწყების, დაგეგმარების, მარკეტინგისა და ფინანსების მართვის საკითხებზე, პარალელურად ეხმარებიან აგრომეწარმეებს ბიზნესგეგმების შემუშავებასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში. GBDC Caucasia -ის ექსპერტები მეთვალყურეობით (ეგრეთ წოდებული ქოუჩინგი და მენტორინგი) ეხმარებიან აღნიშნულ მეწარმეებს, რომ მიიღონ დაფინანსება ისეთი სახელმწიფო და საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამებიდან, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“ და ENPARD – ის სოფლის განვითარების პროგრამა.

– ქედა არის აგრომეწარმეებით მდიდარი მუნიციპალიტეტი – არიან ღვინის, თევზის, თაფლის, კენკრის, თხილის, ყველის მწარმოებლები; პრიორიტეტული მუნიციპალიტეტია ევროკავშირის პროგრამებისთვის, ახლოა რეგიონში გასაღების ბაზართან – ბათუმთან, ახლოს არის თურქეთის საზღვართანაც. ქედას აქვს აგროტურისტული პოტენციალი, გახდეს სამაგალითო აგრობიზნესის განვითარების კუთხით. ჩვენ ამ ეტაპზე ქედაში 25 მეწარმესთან და 15 ახალგაზრდასთან ერთად ვმუშაობთ და ვქმნით უნივერსალურ ბიზნესმოდელებს მეფუტკრეობაში, მეღვინეობაში, თამბაქოს, ყველის, თხილის, ჩირის წარმოებაში, აგროტურიზმის მომსახურებაში… 15 მეწარმე და 15 ახალგაზრდა სხვა მუნიციპალიტეტებიდან არიან ჩართული.

– მიგრაცია სოფლების დაცარიელების საფრთხეს წარმოადგენს. ეს იმდენად სერიოზული პრობლემაა, მითუმეტეს მაღალმთიან სოფლებში, რომ სჭირდება შესაბამისი მხარდაჭერითი ღონისძიებები, რათა ახალგაზრდებისთვის სოფელში ცხოვრება და მოღვაწეობა საინტერესო გახდეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე – კერძო სექტორის მხრიდან. სოფლის განვითარების სახელმწიფო და დონორების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროგრამები, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მიგრაციის შეჩერებას, თუმცა კერძო სექტორისგან გაცილებით დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ჩემი აზრით, კერძო კომპანიებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა, საინვესტიციო ფონდებმა უნდა ჩამოაყალიბონ მექანიზმი, რომელიც სოფლად კერძო კაპიტალის შემოდინებას შეუწყობს ხელს და ბიზნესის დაწყებასა და განვითარებას ნაკლებად სარისკოს გახდის. დღეს ნებისმიერ ინვესტორს რომ ჰკითხოთ, სად არის უკეთესი თანხის ჩადება, არავინ არ მოისურვებს ინვესტიციის განხორციელებას აგრარულ სექტორში, თუ ეს არ არის ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა. მცირე მეურნეობებში  კაპიტალდაბანდება მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისა და ბანკების მხრიდან მცირე მასშტაბით მიმდინარეობს, დაწყებულია აგროდაზღვევის პროგრამა, მაგრამ აუცილებელია ახალი საინვესტიციო მექანიზმი, რომელიც რისკებს დააზღვევს, რაზედაც ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ, შესაბამისად, სოფლად კაპიტალის შემოდინების პირობებში, ახალგაზრდებს გაუჩნდებათ სურვილი, დაიწყონ საკუთარი ბიზნესი ან დაეხმარონ თავიანთ თანასოფლელებს ბიზნესის განვითარებაში.

„აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“ მთავარი მესიჯია: „დაეხმარე სხვას და დაეხმარე შენს თავს!“ ჩვენ ვასწავლით ახალგაზრდებს, თუ როგორ შეიძლება, დაეხმარონ თანასოფლელებს, გახდნენ მათი პარტნიორები, შესაბამისად, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და ერთ დღეს გადადგან ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

– ყველაზე პოპულარულია მეღვინეობა, ასევე თაფლის, თამბაქოას და ჩირის წარმოება.

– ჩვენ ქედაში ამ ეტაპზე 25 აგრომეწარმესთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის არის ბიოფიჭის მწარმოებელი, საოჯახო სასტუმრო და ღვინის მარანი, ვინც გადავიდა „აწარმოე საქართველოში“ კონკურსის შემდეგ ეტაპზე. სამწუხაროა, რომ 11 ღვინის მწარმოებლისგან ვერც ერთმა ვერ გადალახა პირველი ეტაპი. რამდენიმე განაცხადი გავასაჩივრეთ და ველოდებით რეაგირებას „აწარმოე საქართველოში“–დან, თუმცა ქედის ღვინის მწარმოებლების ინფორმაციისთვის, 2021 წლის იანვრიდან იწყება ENPARD – UNDP-ის სოფლის განვითარების პროგრამის მეორე ეტაპი და აგროტურიზმი პრიორიტეტი იქნება და ჩვენ დაწყებული გვაქვს ბიზნესმოდელებზე მუშაობა, ასევე საინტერესოა FAO – EBRD-ის აგრობიზნესის პროგრამა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც ფინანსური და ტექნიკური დახმარების კომპონენტი ქედის აგრომწარმოებლებისთვის, ასევე 2021 წლიდან USAID Agricultural Program გამოაცხადებს ხილის გადამუშავების საგრანტო პროგრამას, USAID Economic Security Project საკმაოდ საინტერესო ინსტრუმენტია ღვინის ტურიზმისა და ნებისმიერი სხვა აგროტურიზმის დაფინანსებისთვის.

– პანდემიამ შეაფერხა პროექტით გათვალისწინებული  ღონისძიებები: – აგროსაწარმოებში და სოფლის მეურნეობის სავაჭრო ცენტრებში ახალგაზრდების ვიზიტები, ასევე, დაგეგმილი გვქონდა სავაჭრო დახლების დამზადება და აგრობაზრობის მოწყობა, სადაც ახალგაზრდები მათი თანასოფლელების პროდუქციის პოპულარიზაციისთვის იქნებოდნენ ჩართულები გაყიდვების პროცესში.

თუმცა GBDC Caucasia ყოველთვის ნახულობს გამოსავალს – ჩვენი პარტნიორი ASEA.ge – ის გადამღები ჯგუფი დეკემბრისა და იანვრის თვის განმავლობაში გეგმავს აგროსაწარმოებში ვიზიტს და Youtube channel -ის საშუალებით ლაივრეჟიმში გააშუქებს აგროსაწარმოებში, ღვინის მარნებში, ხილის გადამამუშავებელ საწარმოებში მიმდინარე პროცესებს, პროექტის მონაწილეები კი ონლაინრეჟიმში დააკვირდებიან რეალურ სამუშაოებს და დასვამენ მათთვის საინტერესო კითხვებს.

–2021 წელს ჩვენ გვეყოლება 100-მდე აგრობიზნესის ონლაინოფიცერი, რომლებიც ჩვენი საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროცესების საშუალებით მიიღებენ აგრობიზნესის კონსალტინგის შესაბამის უნარებს და დაეხმარებიან აგრომეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში, საბითუმო თუ საცალო გაყიდვებში, მათი ბიზნესის მართვაში. ჩვენი კარი ღიაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც უყვარს სოფელი და ფიქრობს, რომ მისი ხვალინდელი დღე არის დაკავშირებული სოფელთან და სოფლად ბიზნესის განვითარებასთან. ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ხელს შეუწყობს მიგრაციის შეჩერებას და ბევრ ახალგაზრდას გაუჩენს მოტივაციას, რომ დარჩეს საცხოვრებლად სოფელში და იქვე გააგრძელოს მოღვაწეობა.