ფასანაურის 9, საშაგურის 1 და ანანურის 12 სკოლის მოწაფემ მონაწილეობა მიიღო სადემონსტრაციო ვიზიტებში, სულ 14 გოგო და 8 ბიჭი. 14 – 16 წლის სკოლის მოწაფეები დაინტერესებულები არიან სათბურში ბოსტნეულის მოყვანით, მეფუტკრეობით, მეფრინველეობით, მეცხვარეობით და ცხენების მოშენებით.
ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნოდარ ხატიაშვილი პირადად შეხვდა ფასანაურის სკოლის მოწაფეებს, მისი ინიციატივით მეფრინველეობით დაინტერესებულ ფასანაურის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეს, ლუკა ფერხულს, კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთ ბაზაზე არსებული სადემონსტრაციო ინკუბატორიდან, ქართული ჯიშის ქათმის კვერცხები გადაეცემა, ლუკას საკუთრებაში არსებული ქათმის მცირე ფერმის გაძლიერებისთვის.
კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა გიორგი ბადრიშვილმა, ელენე მოთიაშვილი – სიჭინავამ, ლიანა ქირიკაშვილმა და ფრიდონ სანაიამ სკოლის მოწაფეებს გააცნეს: სატაცურის, არტიშოკის, ბროკოლის, ლობიოს ჯიშები(ჯუმი, გურული, კუტი), წიწაკის, ხახვის, პომიდორის, საზამთროს, ნესვის, გოგრის, სასათბურე კიტრის და სიმინდის სანერგე ადგილობრივი ჯიშების მოყვანისთვის აუცილებელი აგრონომიული და სამეცნიოერო კვლევითი პროცესები.
სკოლის მოწაფეებში დიდი ინტერესი გამოიწვია სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისგან მიღებულმა პრაქტიკულმა რჩევებმა, ასევე სკოლის პედაგოგებმაც მიიღეს რჩევები მათი საოჯახო მეურნეობების ფარგლებში ელიტარული ერთწლიანი ბოსტნეული ჯიშების მოყვანაზე.
სადემონსტრაციო ვიზიტის შემდეგ „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“ პროექტის ლიდერმა სერგო ბარამიძემ, ანანურის სკოლის მოწაფეებს ჩაუტარა ტრენინგი ბიზნეს გეგმის შემუშავებაში და მიაწოდა ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ფასანაურის სკოლის მოწაფეები დაინტერესდნენ თსუ-ის პროგრამით, განსაკუთრებით ბიზნეს საკონსულტაციო კურსით, რომელსაც GBDC კავკასია სთავაზობს სტუდენტებს.
ფასანაურის და ანანურის სკოლის მოწაფეებმა გამოთქვეს მზაობა ჩაერთონ “აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის” პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში – აგრობიზნესის მოდელირების ონლაინ ტრენინგები სკოლის მოწაფეებისთვის და აგრო ბაზრობები – სადაც სადაც სკოლის მოწაფეები ჩაერთვებიან აგრო პროდუქტების გაყიდვებში. ასევე, ონლაინ სატესტო ვერსიის დათვალიერების შემდეგ, სკოლის მოწაფეები ღირებულების ჯაჭვების ონლაინ პლატფორმით დაინტერესდნენ, რაც მათი ოჯახის წევრების სასოფლო სამეურნეო საოჯახო მეურნეობების და მცირე ფერმების პოპულარიზაციის საშუალებას წარმოადგენს.
შემდეგი სასოფლო სამეურნეო სადემონსტრაციო ვიზიტები დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოწაფეებისთვის დაგეგმილია მრავალწლოვანი კულტურების საცდელ სადემონსტრაციო ბაზაზე, სოფელ ჯიღაურაში, მცხეთის მუნიციპალიტეტი.
სექტემბრის თვეში სკოლის მოწაფეებისთვის დაგეგმილია ვიზიტები უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც ისინი გაეცნობიან სასწავლო პროგრამებს და დაგეგმავენ სამომავლო საგანმანათლებლო კარიერას.
პროექტს ახორციელებს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია (GBDC), ადგილობრივ პარტნიორ – დუშეთის ფერმერთა კლუბთან ერთად, The USAID Agriculture Program – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.